ტურიზმის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ტურისტული ინფრასტრუქტურაა, რომელიც საქართველოში დღემდე დაუგეგმავად ვითარდება, რაც ქალაქების მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმროებისა და ატრაქციონების კონცენტრაციით გამოიხატება. ტურისტთა კმაყოფილების ხარისხი არა მარტო დასათვალიერებელი ობიექტების სიძველით, უნიკალურობით და მისგან მიღებული შთაბეჭდილებებით, არამედ შთაბეჭდილებების ერთობლიობით იზომება. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი დაიგეგმოს ტურიზმის ინდუსტრიის ყველა სექტორის განვითარება მოთხოვნის ყველა დონეზე, რათა უზრუნველყოფილ იქნას ტურისტის მაქსიმალური დაკმაყოფილება.
საქართველოში ტურისტები ძირითადად უკრაინიდან, ლიტვიდან, ლატვიიდან. პოლონეთიდან, არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან და თურქეთიდან შემოდიან. მათ ინტერესთა სფეროს კულტურული, რელიგიური, ღვინის, სამთო, ეკო და საქმიანი ტურები წარმოადგენს.
ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა, რაც გვხვდება საქართველოს ტურიზმის სფეროში, ეს არის მომსახურე პერსონალის არასათანადო პროფესიონალიზმი, სწორედ მათზეა მნიშვნელოვანწილად დამოკიდებული, თუ რა შთაბეჭდილებით დატოვებს ტურისტი ჩვენს ქვეყანას. ტურიზმის სპეციალობა კი, საქართველოში, სულ ახლახანს შევიდა უმაღლესი განათლების სპეციალობათა კლასიფიკაციაში. სრულყოფილად არ არის გააზრებული მისი სწავლების აკადემიური კუთვნილება. ამას ემატება ისიც, რომ არ ხდება ამ სფეროს სწორი რეკლამირება, თანხები არათანაბრად ნაწილდება და იხარჯება.
გასული ზაფხულის შემდეგ ძნელია მდგომარეობიდან თავის დაღწევა. ამ ეტაპზე გაუქმებულია უამრავი ჯავშანი. ამიტომ ტურისტულ კომპანიებს ძალიან დიდი და მძიმე მუშაობა მოუწევთ ტურისტთა ახალი ნაკადების მოსაზიდად. ომის შემდეგ მართლაც რომ დიდი დარტყმა მიიღო ქვეყნის ტურიზმმა. მაშინ, როდესაც ისევ აქტიურად საუბრობენ რუსეთის მორიგ აგრესიაზე საქართველოში, ტურისტების აქ ჩამოსვლაზე საუბარიც კი აბსურდულია. ექსპერტთა აზრით, მათი გააქტიურება მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში მაინც არ მოხერხდება. ტურისტთა მოზიდვის საქმეში კი აქტიურობა და ძალისხმევა მართებთ როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე დიპლომატიურ კორპუსსა და მასმედიის საშუალებებს.
არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, საქართველოს მიმართ ყურადღება და ქვეყნის ცნობადობა საკმაოდ მაღალია, სამწუხაროა, რომ ეს ცნობადობა უარყოფითი მოვლენების გამოა. ამიტომ აუცილებელია ქვეყნის შესახებ უარყოფითი ინფორმაციის გაფანტვა. მსოფლიომ უნდა დაიჯეროს საქართველოს გზავნილი - ”აქ იყო ომი, დღეს შეგიძლიათ დაისვენოთ”.
სულ ახლახანს გავრცელდა ხმები, რომ საქართველო ტურისტებისთვის საშიშ ქვეყნების სიაში მოხვდა.
საფრანგეთში ტურისტებისთვის საშიშ სახელმწიფოთა სია შედგა, რომელშიც 11 სახელმწიფო იქნა შეყვანილი. საქართველო ამ სიაში ისეთი ქვეყნების გვერდით მოხვდა, როგორიცაა სომალი, ერაყი, კოლუმბია და ა.შ. აღნიშნულის შესახებ რუსული სააგენტო ”ტურ ინფო” პოპულარული ფრანგული მეგზურის - პეტი ფუტის ინფორმაციაზე დაყრდნობით საუბრობს.
საქართველოს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში ამ რეიტინგში ჩვენი ქვეყნის მოხვედრას რუსული პროპაგანდის ნამუშევრად აფასებენ. მათთვის გაუგებარია, რა მონაცემებს ეყრდნობა აღნიშნული ფაქტი. ”ეს უფრო რუსულ პროპაგანდას ჰგავს, ვიდრე რეალობას,” - განმარტეს დეპარტამენტში.
ეკონომიკის მინისტრმა ლაშა ჟვანიამ 11 მარტს თანამშრომლებსა და მედიას, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ახალი უფროსი პეტრე კანკავა ოფიციალურად წარუდგინა, რომელიც კვიპროსში საქართველოს ელჩის მოვალეობას ასრულებდა. მას დიპლომატიურ კორპუსთან და უცხოელებთან ურთიერთობის ძალიან კარგი გამოცდილება აქვს. დღეს საერთაშორისო ასპარეზზე დიდი მუშაობაა ჩასატარებელი, რათა საზღვარგარეთ კვლავ დამკვიდრდეს საქართველოს, როგორც უსაფრთხო და ტურისტულად მიმზიდველი ქვეყნის სახე.
იმ პროპაგანდის პირობებში, რასაც რუსეთი ეწევა საქართველოს წინააღმდეგ, რასაკვირველია, შემცირდა ტურისტთა რაოდენობა. ამ აზრის გაქარწყლების მიზნით, საქართველოს ტურისტული ობიექტების ადგილებში ვებ-კამერების დამონტაჟებაა დაგეგმილი, რათა ინტერნეტის საშუალებით ყველას შეეძლოს დარწმუნება იმაში, რომ საქართველო ტურისტებისთვის უსაფრთხო ქვეყანაა. უახლოეს ხანში იგეგმება წყალტუბოში ახალი პროექტის განხორციელება, სადაც მდებარეობს უნიკალური კარსტრული მღვიმე, რომელსაც მართალია ანალოგი აქვს მსოფლიოში, მაგრამ ის ერთ-ერთი საუკეთესოა. ამ ადგილას ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, სავარაუდოდ, მაისის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს. პროექტის ინვესტირებას სახელმწიფოსთან ერთად ”ქართუ ჯგუფი” ახორციელებს.
ასევე დაგეგმილია თბილისში ტურისტული საინფორმაციო ცენტრის გახსნაც, რომლის პრეზენტაცია უახლოეს მომავალში იგეგმება.
11 მარტს მინისტრმა პეტრე კანკავასთან ერთად, მისი მოადგილე ნატა ფარცხალაძეც წარადგინა. ტურიზმის დეპარტამენტი, ქვეყნის ტურისტული იმიჯის აღსადგენად, საერთაშორისო გამოფენებში აპირებს მონაწილეობას. იგეგმება პრეს-ტურების მოწყობა, რათა უცხოელები ქვეყნის უსაფრთხოებაში დაარწმუნონ. საერთოდ, ზოგადი მონაცემებით, გლობალური კრიზისის გამო ტურისტთა ნაკადი მთელს მსოფლიოში საგრძნობლად შემცირდა. თუმცა უნდა ითქვას ის, რომ გლობალური კრიზისის ფონზე, სამთო-სათხილამურო კურორტებისთვის წლევანდელი სეზონი წარმატებული გამოდგა. არსებული ინფორმაციით, გუდაურში როგორც სასტუმრო, ასევე საბაგირო გზების შემოსავალი გასულ წელთან შედარებით 20%-ით გაიზარდა. სეზონი კი პირველ აპრილს დასრულდება.
აგვისტოს ომისა და კრიზისის გამო მკვეთრად შემცირებული კლიენტების გასაზრდელად, ქართულ ტურისტულ კომპანიები ფასდაკლების აქციებს განაგრძობენ. როგორც ”ფრეშ თრეველის” დამფუძნებელი სიკო გეგიაძე აცხადებს, ყველა ტურზე 30%-დან 40%-მდე ფასდაკლება გამოცხადდა. რადგან აგვისტოს მოვლენების შემდეგ როგორც საერთაშორისო, ისე შიდა ტურებზე მოთხოვნამ 70%-ით დაიკლო. ასეთ შემთხვევაში კი ერთადერთი გამოსავალი მომხმარებლისთვის უპრეცედენტოდ დაბალი ფასების შეთავაზებაა. ”ფრეშ თრეველი” ტურისტებს, როგორც აზიის, ისე ევროპის ქვეყნებში სამოგზაუროდ საგაზაფხულო ფასდაკლებას სთავაზობს, რომელიც 500-დან 2’000 ლარამდე მერყეობს.
ტურისტული კომპანიების ინფორმაციით, დღეისთვის მოთხოვნებმა სააღდგომო ტურებზე მოიმატა. კომპანიები იმედებს საზაფხულო ტურზე ამყარებენ, რადგანაც დასვენების მსურველთა რიცხვი სწორედ ამ სეზონზე მატულობს.
ტურისტულ კომპანია ”ასას” მომხმარებელთა რაოდენობა საგრძნობლად შეუმცირდა. კომპანიამ კლიენტებს სხვადასხვა სახის პაკეტი შესთავაზა, მაგრამ იმ მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც საქართველოში და ზოგადად მთელს მსოფლიოში სუფევს, სათანადო შედეგი ვერ მიიღო. კომპანია ოთხი წელია ძირითადად ტურისტთა გაყვანაზე მუშაობს და ამ ხნის მანძილზე მომხმარებელთა რიცხვის საგრძნობი ზრდა ფიქსირდებოდა. მხოლოდ წლევანდელი წელია მათთვის გამონაკლისი.
რაც შეეხება ტურისტულ კომპანია ”მოგზაურთა კლუბს”, მათმა მესვეურებმა კომპანიის დღევანდელი სამუშაო მდგომარეობის შესახებ კომენტირებისგან თავი შეიკავეს. ერთადერთი რაც მისმა დამფუძნებელმა ზურაბ ვარშალომიძემ გვითხრა იყო ის, რომ ამჟამად ტურისტულ კომპანიებს ძალზე მძიმე მდგომარეობა აქვთ და ეს მათზეც აისახება.
http://presa.ge/index.php?text=news&i=6680